ბათუმის მეჩეთში საზეიმო ლოცვით აღინიშნა რამაზანის დღესასწაული

რამაზანის დღესასწაული ბათუმის მეჩეთში საზეიმო ლოცვით აღნიშნეს ქართველმა მუსლიმებმა. რიტუალს დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე უძღვებოდა. მან მუსლიმებს რამაზანი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მორწმუნეები ყოველთვის ერთად იქნებიან და ერთად მიიღებენ მონაწილეობას ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში. ხალხმრავლობის გამო ბათუმის მეჩეთმა ლოცვის ყველა მსურველი ვერ დაიტია და მუსლიმთა ნაწილმა სადღესასწაულო რიტუალი ქუჩაში შეასრულა. მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბათუმის მეჩეთი გაფართოვდება, რადგან სახელმწიფო მუსლიმებს გვერდით უდგას და მათთვის საჭირო გეგმას შეიმუშავებს.„სახელმწიფომ დასავლეთ საქართველოს სამუფთოს გადმოგვცა რეზიდენცია და მედრესე, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი შვილები ქართულ ტრადიციულ ფონზე გაიზარდონ და რელიგიის შესასწავლად სხვა სახელმწიფოებში არ წავიდნენ“, - აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ. რამაზანის დღესასწაულის გამო მუსლიმი თემის ლიდერებს თბილისში უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, საქართველოში მცხოვრები მუსლიმები არიან არა მხოლოდ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი, არამედ ხიდი ისლამურ სამყაროსთან, რაც გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.