აშშ-ის გენერალი მხარს უჭერს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას

აშშ-მა „სერიოზულად უნდა განიხილოს“ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხი, ისევე, როგორც ერაყში, ბრძოლის ცენტრებთან ახლოს აშშ-ის საჰაერო თავდასხმების მაკონტროლებელი მოწყობილობის განთავსება, რათა გაუმჯობესდეს საჰაერო თავდასხმების სიზუსტე „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგო -უთხრა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ კანონმდებლებს 21 ივლისს. გენერალმა მარკ მილიმ, რომელიც გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი, თქვა, რომ ეთანხმება საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდალს, ჯო დანფორდს თვალსაზრისში, რომ აშშ-სთვის უდიდეს საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, რადგან ფლობს დიდძალ ატომურ არსენალს: „რუსეთის მოქმედებები 2008 წლიდან მოყოლებული ძალიან, ძალიან აგრესიულია. ისინი თავს დაესხნენ და შეიჭრნენ საქართველოში. მათ დაიპყრეს ყირიმი, თავს დაესხნენ უკრაინას. ეს შემაშფოთებელია. ასე რომ, ამჟამად რუსეთს - სამხედრო თვალსაზრისით - ნომერ პირველ საფრთხედ დავასახელებდი“ - განაცხადა მილიმ. უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მიერ განხორციელებული საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმების ფონზე მილიმ თქვა, „მე მხარს დავუჭერდი [კიევისთვის] ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებასო.“ აშშ თავს იკავებს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებისგან, კონფლიქტის ესკალაციის შესახებ შეშფოთების გამო. მაგრამ მილის განცხადება მორიგი ნიშანია იმისა, რომ პენტაგონმა შესაძლოა გადასინჯოს თავისი პოზიცია.