გადაიდო რომის მიმართულებით ავიარეისი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რომის მიმართულებით ავიარეისი გადაიდო. კომპანია „ალიტალიას“ ოფისში ავიარეისის გადადების მიზეზი განმარტეს. როგორც "ინტერპრესნიუსი" კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება, რომიდან თვითმფრინავი გუშინ ორი საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა, იგივე თვითმფრინავი რომში დილის 05.00 საათზე უნდა გაფრენილიყო და ეკიპაჟმა დასვენება ითხოვა. "რომში რეისი დღეს, 18:00 საათზე შესრულდება. მგზავრებისთვის თვითმფრინავში ჩასხდომა 15:00 საათიდან დაიწყება", - განაცხადეს კომპანიაში. ფრენის გადადების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.