საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბიორგე ბრენდე. თბილისში საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებამდე ბიორგე ბრენდე გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ადგილზე გაეცნო მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და ესაუბრა ადგილობრივ მკვიდრს ზურაბ ვალიშვილს, რომლის საცხოვრებელი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ბიორგე ბრენდეს თან ახლდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. მათ ნორვეგიელ დიპლომატს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესის და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შექმნილი ვითარების შესახებ. თავის მხრივ ბიორგე ბრენდემ აღნიშნა, რომ ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „2008 წელს, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით დაარღვია საერთაშორისო სამართალი, რაც ასევე ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიას“ - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიორგე ბრენდემ.