საქართველო და ჩინეთი იწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალ ვაჭრობაზე

საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. საქართველოს მთავრობის პრესცენტრის ცნობით, გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ჩინეთის პრემიერ–მინისტრ ლი კეციანის შეხვედრაზე მიიღეს. მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივაზე. აღინიშნა, რომ 15-16 ოქტომბერს თბილისს ჩინეთიდან მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. პრემიერ–მინისტრებმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ იმსჯელეს. ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორია. 2014 წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 პროცენტით მოიმატა.