გერმანია და ავსტრია მოითხოვენ ევროკავშირის სამიტის გამართვას

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 15 სექტემბერს გამოაცხადა, რომ გერმანია და ავსტრია ითხოვენ მომავალ კვირაში ევროკავშირის საგანგებო სამიტის გამართვას, რათა განხილულ იქნეს უნგრეთში, საბერძნეთსა და იტალიაში ჩასული მიგრანტების ევროკავშირში განაწილების გეგმა. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანია, ავსტრია და შვედეთი მარტო ვერ გაუმკლავდებიან მიგრანტების კრიზისს. მიგრანტების უმრავლესობას გერმანიასა და შვედეთში მოხვედრა სურს. 15 სექტემბერს უნგრეთის პოლიციამ გამოაცხადა, რომ ცხრა სირიელი და შვიდი ავღანელი მიგრანტი დააკავა სერბიის საზღვართან აღმართული კედლის გავლით უნგრეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლისათვის. ამ განცხადების ფონია უნგრეთში ამოქმედებული ახალი კანონები მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად. ერთ-ერთი ახალი ზომით, სერბიასთან უნგრეთის საზღვარზე აღმართული კედლის დაზიანება ცხადდება სისხლის სამართლის დანაშაულად, რომელიც პატიმრობით, ან დეპორტაციით ისჯება.