რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ გამორიცხავს სირიაში სახმელეთო ძალების გაგზავნას ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად, მაგრამ მზად არის შეუერთდეს საჰაერო კამპანიას ექსტრემისტების წინააღმდეგ. პუტინმა ნიუ-იორკში ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამასთან საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ კვლავ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომლის მიხედვითაც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარები უნდა უძღვებოდნენ ხმელეთზე ომს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ბაშარ ალ-ასადის როლი არის მთავარი საკითხი, რომელიც სირიასთან მიმართებით უთანხმოებას იწვევს ობამას და პუტინს შორის. შეხვედრის მსვლელობაში, პუტინი და ობამა შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ სირიაში კრიზისის პოლიტიკურად მოგვარების გზებს.