თბილისში სურბ გევორქის ტაძრის კურთხევა გაიმართა

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორქის საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონია თბილისში დღეს გაიმართა და მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე საქართველოში ვიზიტად მყოფი სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დაესწრნენ. სომხური ეკლესიის აღდგენა-რესტავრაციაში განსაკუთრებული წვლილისთვის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ ბიძინა ივანიშვილს სომხური ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მედალი გადასცა. სომხური ეკლესიის რესტავრაცია სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი "ქართუ ჯგუფია". ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით,"ქართუ ჯგუფი" ძეგლების აღდგენას 2003 წლიდან აწარმოებს. მათი ინფორმაციით, სულ აღდგენილია 650 ძეგლი, დახარჯული ჯამური თანხა კი, ამ პერიოდის განმავლობაში 34 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, "ქართუ ჯგუფის" მიერ წელს ხორციელდება 61 ძეგლის აღდგენა.