რუსეთის თვითმფრინავის ტრაგედიის ადგილზე 120-ზე მეტი გვამი იპოვეს

ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ლაინერის ნამსხვრევებში 120-ზე მეტი გვამის აღმოჩენა მოხერხდა. ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავში მყოფი 224 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრებიდან ცოცხალი არავინ გადარჩენილა. კომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავი აირბუს 320, რომელიც ეგვიპტის ქალაქ შარმ-ალ-შეიხიდან სანკტ პეტერბურგში მიფრინავდა, 31 ოქტომბერს აფრენიდან 23 წუთის შემდეგ გაქრა რადარებიდან. თვითმფრინავში 224 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდნენ. მგზავრების უდიდესი უმრავლესობა, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა კატასტროფის მიზეზი. ეგვიპტეში მოქმედმა ჯგუფმა, რომელიც დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" არის დაკავშირებული, ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა ცნობა, რომ მან ჩამოაგდო რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავი. მაგრამ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უარყო ეს ცნობა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია ამას არ ადასტურებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1 ნოემბერს რუსეთში გლოვა გამოაცხადა.