გარდაიცვალა აჰმად ჩალაბი, 2003 წლის ერაყის ომის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა

71 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა ერაყელი პოლიტიკოსი აჰმად ჩალაბი, რომელიც ერთ-ერთ მთავარი ფიგურას წარმოადგენდა 2003 წელს ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით მომხდარი შეჭრის პროცესში, რომელსაც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა მოჰყვა. ჩალაბი სეკულარული ორიენტაციის, შიიტი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დევნილობაში ცხოვრობდა. მას აღიქვამდნენ ფიგურად, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა აშშ-ს ერაყში შეჭრისთვის, ინფორმაციით ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის შესახებ. დიქტატორის დამხობის შემდეგ ჩალაბი დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო ბაათის პარტიის გავლენისგან გათავისუფლების პროცესში, ჰუსეინის პოლიტიკური მემკვიდრეობის განადგურების მიზნით. თავის დროზე მას ვაშინგტონი ჰუსეინის პოტენციურ შემცვლელად განიხილავდა, ომისშემდგომი ერაყისთვის. თუმცა პოლიტიკოსს მალე დაეძაბა ურთიერთობა ამერიკელ მხარდამჭერებთან - რადგან ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ ცნობებს საფუძველი არ გამოუჩნდა.