პაკისტანში კარგავენ დანგრეულ ქარხანაში გადარჩენილების პოვნის იმედს

პაკისტანში 5 ნოემბერსაც გაგრძელდა სამაშველო სამუშაოები წინა დღეს დანგრეულ ქარხანაში მოყოლილების გადასარჩენად. მაგრამ კატასტროფიდან დღე-ღამის შემდეგ თანდათან იწურება იმედი, რომ კიდევ ვინმეს ცოცხალს გამოიყვანენ ნანგრევებიდან. 5 ნოემბრის საღამომდე, მაშველებმა გადაარჩინეს 100-ზე მეტი ადამიანი და იპოვეს 22 დაღუპულის გვამები. სამხრეთ პაკისტანის ქალაქ ლაჰორის მახლობლად მდებარე ქარხანა, რომელშიც პოლიეთილენის პარკებს ამზადებდნენ, 4 ნოემბერს დაინგრა. ოფიციალური პირები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ნანგრევებში 150-მდე ადამიანი მოყვა. ჯერ არ დაუსახელებიათ ტრაგედიის მიზეზი, თუმცა ცნობილია, რომ შენობა დაინგრა, როცა მას მესამე სართულს ამატებდნენ. ოფიციალური პირების ვარაუდით, შენობა შესაძლოა დაზიანებულიყო გასულ კვირაში 7,5 სიმძლავის მიწისძვრის შედეგად.