ფრანგი ხალხისთვის თანაგრძნობის გამოსაცხადებალად სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა საქართველოს პრეზიდენტმა

ფრანგი ხალხისთვის თანაგრძნობის გამოსაცხადებალად თბილისის საკრებულოს შენობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან აღნიშნა, რომ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს. „ფრანგ მოკავშირეებთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა მაშინაც გამოჩნდა, როცა ევროკავშირის ეგიდით ქართველი მებრძოლები ფრანგ მებრძოლებთან ერთად დადგნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მნიშვნელოვანი მისია შეასრულეს“ - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, დღეს არსებულ რეალობაში ყველამ ნათლად უნდა დაინახოს, რა გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ერთი დიდი ტყუილია, რადგან მას არანაირი კავშირი არ აქვს არც სახელმწიფოსთან და არც ისლამთან. „ეს არის ტერორისტული წარმონაქმნი, რომელიც დაასრულებს ისევე, როგორც ასრულებენ ტერორისტები“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. თბილისის საკრებულოს შენობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრებმა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. სამძიმრის წიგნში, რომელიც 19 საათზე დაიხურება, ჩანაწერის დატოვება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.