ბრიუსელში კვლავ გაიხსნა სკოლები და მეტრო მას შემდეგ, რაც ოთხი დღე იყო დახურული ქალაქში უსაფრთხოების დასაცავად მიღებულ საგანგებო ზომებთან დაკავშირებით. თუმცა კვლავაც ძალაში რჩება უსაფრთხოების ყველაზე გაძლიერებული მდგომარეობა. დამატებით 300-მდე პოლიციელი იცავს სკოლებს და 200-მდე ჯარისკაცი მეტროს სისტემას. ამასთან, დახურული რჩება მეტროს სადგურების დაახლოებით ნახევარი. 21 ნოემბრიდან ბრიუსელში უსაფრთხოების გაძლიერებულ მდგომარეობასთან დაკავშირებული რეიდების შედეგად დააკავეს 20-ზე მეტი ადამიანი. რეიდები მოჰყვა პარიზში 13 ნოემბერს მოწყობილ ტერაქტებს, რომლებმაც 130 ადამიანი შეიწირა. ამასობაში, ბრიუსელში დაკავებულებიდან ყველა გაათავისუფლეს გარდა ხუთი ადამიანისა, რომლებსაც, ცნობების თანახმად, ტერორიზმთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.