ერაყის პრემიერი საჭიროდ არ მიიჩნევს ერაყში აშშ-ის მეტი შენაერთის განთავსებას

ერაყის პრემიერ-მინისტრის, ჰაიდარ ალ-აბადის განცხადებით, საჭირო არ არის აშშ-მა სპეცდანიშნულების მეტი შენაერთი გააგზავნოს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად და თუ გაგზავნა სურს, ვაშინგტონმა ნებართვა უნდა სთხოვოს ერაყს. აბადის ეს განცხადება მოჰყვა 1 დემემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშ კარტერის გამოსვლას კონგრესში, სადაც მან თქვა, რომ აშშ აპირებს სპეცოპერაციის ძალების გაგზავნას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად. ოფიციალური პირების ვარაუდით, აშშ-ის სპეცოპერაციის ძალები განთავსდება ერაყში, ქურთების ავტონომიური რეგიონში. ერაყის პრემიერმა 2 დეკემბერს აღნიშნა, რომ „სამხედრო ოპერაცია, ან უცხო სამხედროების - იქნება სპეცდანიშნულების თუ არა - განთავსება ერაყში, ნებისმიერ ადგილას, არ შეიძლება მოხდეს ერაყის (...) სუვერენობის სრული პატივისცების გარეშე“. 30 ნოემბერს აბადიმ თქვა, რომ ერაყს "საკმარისი ცოცხალი ძალა და შემართება" აქვს "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად.