ღარიბაშვილი პრეზიდენტს და მთავრობას მიმართავს დაიწყონ მსჯელობა პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა პატრიარქ ილია მეორის თხოვნას მისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია“ და პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართავს თხოვნით ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყონ. მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და ის პრეზიდენტს აქვს მინიჭებული. უფლებადამცველთა და იურისტთა ნაწილი პატრიარქის ინიციატივას მიიჩნევს სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპის დარღვევად.