სულ მცირე 21 კაცი დაიღუპა ლიბიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად

სულ მცირე 21 კაცი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა 7 იანვარს დასავლეთ ლიბიის ქალაქ ზლიტენში, პოლიციის საწვრთნელ ცენტრთან დანაღმული სატვირთო ავტომობილის აფეთქების შედეგად. ზლიტენის მერის ვარაუდით მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დანაღმული ავტომობილი იმ დროს შეიჭრა ბაზის ტერიტორიაზე, როდესაც იქ ასობით რეკრუტი იყო შეკრებილი. ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ბობმი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ლოიალურად განწყობილი პირს გადაჰქონდა. 2011 წელს ლიბიაში მომხდარი რევოლუციის შედეგად ქვეყნის დიქტატორი მოამარ კადაფი მოკლეს, რასაც შემდგომში ქვეყნის ტერიტორიებისა და ნავთობის საბადოების კონტროლის მიზნით სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებების დაპირისპირება მოჰყვა.