ჭიათურელი მაღაროელები - უმუშევრობის შიშით

ჭიათურის მაღარო, 2012 წელი

20 იანვრიდან ჭიათურის მაღაროებში მადნის მოპოვება ოთხი თვით წყდება. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, საწარმოში მომუშავე 3 700 ადამიანიდან 3 200 ამ დროის განმავლობაში სამუშაოს გარეშე დარჩება, მაგრამ ისინი სრული ანაზღაურების სამოც პროცენტს მიიღებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები „ჯორჯიან მანგანეზის“ ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან და 21 იანვარს ჭიათურაში აქციის გამართვას აპირებენ.

კახა მაჩიტიძე ჭიათურის ხუთი სამთო გამამდიდრებელი ქარხნიდან ერთ-ერთში მუშაობს, ის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პროფესიული კავშირების წევრიცაა. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ოთხი თვის განმავლობაში, სხვა მუშებთან ერთად, ისიც სამუშაოს გარეშე დარჩება და 20 მაისამდე ყოველთვე ხელფასი 40 პროცენტით შეუმცირდება.

„სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა ხელზე, დაახლოებით, ხუთას-ხუთას ორმოცდაათ ლარს იღებს. ამის სამოცი პროცენტი ძალიან მცირეა. ჩვენთან ისეთი ხალხიც არის, რომელიც, საერთოდ, 230-300 ლარზე მეტ ხელფასს ვერ იღებს“.

ჩვენი მოლოდინით, კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება, მაგრამ აქ საუბარია შემცირებულ მოთხოვნაზე, რომლის დაკმაყოფილების საშუალებაც ჩვენ გვაქვს. გარკვეული ფოლადმწარმოებლების შეკვეთებს დავაკმაყოფილებთ, მაგრამ არა იმ მოცულობით, რაც, ვთქვათ, ორი წლის წინ იყო...
ზაქარია ზალიკაშვილი

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ამ პროცესს სპეციალურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლას უწოდებს. მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზაქარია ზალიკაშვილი ამბობს, საერთაშორისო ბაზარზე მანგანუმის პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა, ამიტომაც ამ ოთხი თვის განმავლობაში დაგროვილი მარაგი უნდა ამოვწუროთ და შემდეგ განვაახლოთ სამუშაოებიო:

„ჩვენი მოლოდინით, კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება, მაგრამ აქ საუბარია შემცირებულ მოთხოვნაზე, რომლის დაკმაყოფილების საშუალებაც ჩვენ გვაქვს. გარკვეული ფოლადმწარმოებლების შეკვეთებს დავაკმაყოფილებთ, მაგრამ არა იმ მოცულობით, რაც, ვთქვათ, ორი წლის წინ იყო“.

არგუმენტი, რომ მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა, საეჭვოა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისათვის. „ჯორჯიან მანგანეზში“ კრიზისს გამორიცხავს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელიც. ის ამბობს, რომ ბაზარზე მანგანუმის ფასი დავარდა, თუმცა მოთხოვნა ისეთივეა, როგორიც ადრე იყო:

„2013 წელს 1 ტონა სილიკო მანგანუმი 910 დოლარი ღირდა, ახლა 660 დოლარი ღირს, თუმცა სილიკო მანგანუმის მწარმოებელი ქარხნები ნედლეულს 230 დოლარად ყიდულობდნენ, ახლა კი 95 დოლარად ყიდულობენ, ანუ მაშინ, როდესაც ნედლეულზე ფასები ორ-ნახევარჯერ შემცირდა, სილიკო მანგანუმის ფასი კი - ერთი მესამედით. შესაბამისად, მათი მოგება კატასტროფულად იზრდება“.

აქედან გამომდინარე, მალხაზ წერეთელი „ჯორჯიან მანგანეზის“ არგუმენტს არ იზიარებს და ამბობს, პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთო. ასევე ფიქრობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლინა ღვინიანიძეც. მისთვის საეჭვოა კომპანიის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში 6 იანვარს შეტანილი დოკუმენტი. ეს არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც ჭიათურაში ახალი ქარხნის მშენებლობას ეხება:

„თუ საწარმოს სიმძლავრეები მცირდება და შემდგომ, შეიძლება, საერთოდ გაჩერდეს, მაშინ რატომ ითხოვს კომპანია დამატებითი ახალი ფაბრიკის ამუშავებას? ეს ახალი ფაქტობრივი გარემოება უპირისპირდება საწარმოს არგუმენტაციისა და მტკიცების მთავარ ხაზს“.

ჩვენთან არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, საიდანაც ბევრს აქვს სესხი აღებული და, ჩემი ვარაუდით, ისინი აქ სესხს ვერ გადაავადებენ და კომპანიასთან ვერ შეთანხმდებიან...
კახა მაჩიტიძე

„ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზაქარია ზალიკაშვილი ამ თემის გარშემო ყველა ეჭვს უარყოფს და ამბობს, არც რეგიონს, არც დასაქმებულებს საფრთხე არ ემუქრებათო. კომპანიამ დასაქმებულებთან შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი. ეს შეთანხმება, ზაქარია ზალიკაშვილის თქმით, მუშებისთვის უსაფრთხოების გარანტიაა:

„ვისაც საბანკო სესხები ჰქონდა, ამ ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ ავუნაზღაურებთ ძირსაც და პროცენტსაც. გარდა ამისა, უნარჩუნდებათ სამედიცინო დაზღვევა, მრავალშვილიანობაზე დანამატები და დანარიცხები და ა.შ.“

თუმცა ეს ცამეტპუნქტიანი დოკუმენტი დამაჯერებელი არაა ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პროფესიული კავშირების წევრის კახა მაჩიტიძისთვის. მისთვის, მაგალითად, საეჭვოა შეთანხმების მეცამეტე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამ დოკუმენტის რომელიმე პუნქტის გაბათილება არ იწვევს სხვა პუნქტების გაბათილებას:

„ამ შეთანხმების ვერც ერთ მუხლს ჩვენ ვერ დავარღვევთ, რადგან სამსახურის დაკარგვა არავის უნდა. ამიტომაც, ეს მუხლი, ჩემი ვარაუდით, იმიტომაა ჩადებული, რომ შესაძლებელია, თვითონ დაარღვიონ“.

მისთვის საეჭვოა ჩანაწერი საბანკო სესხების ანაზღაურების შესახებაც. ეს დოკუმენტის მეორე მუხლის მეხუთე პუნქტია, რომლის მიხედვითაც, „დასაქმებულის მიმართვის შემთხვევაში, კომპანია ეცდება შეძლებისდაგვარად დაეხმაროს დასაქმებულს საბანკო დაწესებულების მიმართ არსებული საკრედიტო ვალდებულებების შესრულებაში, რის თაობაზეც მხარეთა შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი ხელშეკრულება“.

კახა მაჩიტიძე ეჭვობს, რომ კომპანია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დააკმაყოფილებს მოთხოვნას, ისიც მათთვის, ვისაც დიდ ბანკებში აქვთ კრედიტი აღებული:

„ჩვენთან არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, საიდანაც ბევრს აქვს სესხი აღებული და, ჩემი ვარაუდით, ისინი აქ სესხს ვერ გადაავადებენ და კომპანიასთან ვერ შეთანხმდებიან“.

ლინა ღვინიანიძე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლინა ღვინიანიძე მიიჩნევს, რომ საწარმოს ოთხი თვით შეჩერება პრობლემებს შეუქმნის არა მარტო იქ დასაქმებულებს, არამედ, მთლიანად, რაიონის ეკონომიკურ მდგომარეობას, ამიტომაც საქმეში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს:

„ჭიათურის ეკონომიკური სტაბილურობა მთლიანად არის დამოკიდებული ამ საწარმოზე. საწარმო ამბობს, რომ ეს სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, სახელმწიფოს კი არ აქვს ან არ განუცხადებია, როგორია მისი ეკონომიკური ხედვა რეგიონის მიმართ“.

21 იანვარს შრომის უფლებების დამცველი ორგანიზაციები და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულები აქციის გამართვას გეგმავენ. დასაქმებულები მოითხოვენ, სახელმწიფომ მათ ოთხი თვის განმავლობაში ხელფასის 40-პროცენტიანი დანაკლისი აუნაზღაუროს, შრომის უფლებების დამცველები კი მოითხოვენ, რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და პროფკავშირები და დამსაქმებლები მონაწილეობენ, სასწრაფოდ დაიწყოს ამ საკითხის განხილვა.