ბათუმის აკვატორიაში ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და ნატოს გემებმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღების და ნატოს მეორე მუდმივმოქმედი, ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდების ერთობლივი მანევრი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ურთიერთქმედების და თავსებადობის დონის ამაღლებას. წვრთნები მოიცავდა ზღვაზე ძებნა-გადარჩენის იმიტირებულ ოპერაციას და აბორდაჟის საჩვენებელ ოპერაციას, რომელიც ითვალისწინებდა გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას. ნატოს მეორე მუდმივმოქმედი, ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი ბათუმის პორტში 12 თებერვალს შევიდა. მის შემადგენლობაში არიან ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის სამხედრო გემები.