ხუთი წლის ბიჭის მკვლელობას მოჰყვა დაპირისპირება ყაზახებსა და მაჰმადიან მესხებს შორის

ხუთი წლის ყაზახი ბიჭის მკვლელობას ეთნიკური დაპირისპირება მოჰყვა სამხრეთ ყაზახეთის ჟამბილის რეგიონში. დღეს სოფელ ბურილში გაიმართა დემონსტრაცია, რომლის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ იქაურობის დატოვება მოსთხოვა სავარაუდო მკვლელის მთელს ოჯახს. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, საუბარია მაჰმადიანი მესხების ოჯახზე. როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, 15 თებერვალს პატარა ბიჭი მკვდარი იპოვეს მისი მშობლების სახლში. გვამს ფიზიკური ძალადობის ნიშნები ეტყობოდა. 16 თებერვალს დააპატიმრეს ადგილობრივი მცხოვრები, 18 წლის დურსუნკავაზოღლი, რომელმაც, როგორც იუწყებიან, მკვლელობა აღიარა. აღიარებითი ჩვენების თანახმად, კავაზოღლი სახლში გაქურდვის მიზნით შევიდა და ბიჭი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მოწმე არ ჰყოლოდა. ადგილობრივი მაჰმადიანი მესხების მეთაურმა, დუნიადირ აბდულაევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მკვლელი კანონის მთელი სისასტიკით უნდა დაისაჯოს. სოფელ ბურილის 12 ათასი მცხოვრების ერთ მესამედს მაჰმადიანი მესხები შეადგენენ.