პაკისტანში მომხდარ ტერაქტს 10 ადამიანი შეეწირა

სულ მცირე 10 კაცი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა პაკისტანის ერთ-ერთი რაიონული სასამართლოს შენობასთან თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. როგორც რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური იუწყება, აფეთქების ეპიცენტრი იყო შაბქადარის რაიონის სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორია. თვითმკვლელმა თავი იმ დროს აიფეთქა, როდესაც პოლიციამ იგი შესასვლელთან ჩხრეკვის მიზნით შეაჩერა. დაღუპულთა შორის ორი პოლიციის თანამშრომელიცაა. შაბქადარი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადიდან 150 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მომხდარ იერიშზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანის თალიბანმა, რომელმაც შური იძია მათი ერთ-ერთი ლიდერის მუმთაზ ყადრის ჩამოხრჩობისთვის.