ირანმა კვლავ გამოსცადა რაკეტები

ირანის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 9 მარტს ჩრდილოეთ ირანიდან გაისროლეს "ყადრ H"-ის ტიპის ორი რაკეტა, რომელიც დამიზნებული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მდებარე, 1400-მდე კილომეტრით დაშორებული ადგილებისაკენ. საინფორმაციო სააგენტო "ფარსის" ცნობით, რაკეტებზე გაკეთებული იყო წარწერა: "ისრაელი უნდა განადგურდეს". ამ ინფორმაციის ფონია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი ისრაელში, ახლო აღმოსავლეთის ტურნესთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკა ირანში რაკეტის წინა დღეს, 8 მარტს გამოცდა და განაცხადა, რომ ამ საკითხს წამოჭრის გაეროს უშიშროების საბჭოში. ორი თვის წინ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ირანის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ინდივიდებს, შარშან ოქტომბერში "ემადის" ტიპის რაკეტების გამოცდისათვის.