ავღანეთში იძიებენ პოლიციის მიერ დაკავებული პირის წამების ამსახველ ვიდეოკლიპთან დაკავშირებულ გარემოებებს

ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ იძიებს ვიდეოკლიპთან დაკავშირებულ გარემოებებს, რომელზეც აღბეჭდილია პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდო ტერორისტის წამების სცენები. ორწუთიანი ვიდეო მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნა ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ. მასში ჩანს, რომ მამაკაცების ჯგუფი, რომელთაგან ზოგს პოლიციის ფორმა აცვია, სცემს და მიათრევს შეპყრობილ მამაკაცს. ყანდაარის პროვინციის პოლიციის უფროსმა ზია დურანიმ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ეს ინციდენტი ორი წლის წინ მოხდა მაივანდის ოლქში და ამ საქმესთან დაკავშირებით ორი პოლიციელი იხდის სასჯელს. მაგრამ გაურკვეველია, რა ბედი ეწია ტერორიზმში ეჭვმიტანილს, რომელიც, დურანის თქმით, ტერაქტის მოწყობას ცდილობდა.