უზბეკეთმა და ყირგიზეთმა ერთმანეთის მოქალაქეებს შეუზღუდეს საზღვრის გადალახვა

ყირგიზეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, უზბეკეთმა ყირგიზეთის მოქალაქეებს ცალმხრივი წესით შეუჩერა უზბეკეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, სულ ცოტა, ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. როგორც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა ყირგიზეთის საზღვრის დაცვის სახელმწიფო უწყების თანამშრომელმა, დღეს უზბეკეთის ხელისუფლებამ საზღვართან, ალა-ბუკის რეგიონში, განათავსა რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე, ორი ჯავშანმანქანა და ორი სამხედრო ავტომანქანა. პასუხად ყირგიზეთმა უზბეკეთიოს მოქალაქეებს სამ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აუკრძალა თავის ტერიტორიაზე შესვლა და მეზობელ ქვეყანას მოლაპარაკების გამართვა შესთავაზა. ეს ნაბიჯები შედეგია ტერიტორიული დავებისა, რომლებიც შუა აზიის ქვეყნებში განსაკუთრებით გამწვავდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.