საქართველოს პრემიერმა და პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადეს ბელგიის მთავრობასა და ხალხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა ბელგიის მთავრობას და ხალხს. „შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა. ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს. ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდითაა“ - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. ქართველი ხალხის სახელით, ბელგიის მთავრობას და ხალხს მტკიცე თანადგომა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. „ყველა ქვეყანამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნებისა და კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი“ - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.