პარიზში გაიმართა საფრანგეთის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა

პარიზში გაიმართა საფრანგეთის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების ბერნარ კაზნევის და გიორგი მღებრიშვილის შეხვედრა. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უკანონო მიგრაციასა და ტრანსნაციონალურ, ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას და მის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. სამინისტროს ცნობითვე, ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ აფასებს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დადებითი იქნება. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირის 15 სახელმწიფოსთან უკვე გაფორმებული აქვს დანაშაულთან ბრძოლის ხელშეკრულება, უახლოეს ხანში კი ევროკავშირის პოლიციის სამსახურთან, ევროპოლთან მოაწერს ხელს ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას.