ავღანეთში 12 ახალწვეული დაიღუპა თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად

ავღანეთში, სულ ცოტა, 12 ახალწვეული დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯალალაბადთან თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, დავლათ ვაზირიმ დაადასტურა ეს ინფორმაცია დაღუპულებზე და დასძინა, რომ თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო დანაღმული ველოსიპედით, რომელიც ახალწვეულების ავტობუსს დააჯახა. ვაზირის ინფორმაციით, დაიჭრა 26 ადამიანი, თუმცა ადგილობრივი საავადმყოფოს თანამშრომლები 38 დაჭრილზე საუბრობენ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ეს თავდასხმა რამდენიმე დღეში მოჰყვა ქაბულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტს. მან თალიბ ექსტრემისტებს მოუწოდა ავღანეთის მთავრობასთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისაკენ.