გერმანიაში მცირდება ახალი მიგრანტების რიცხვი

გერმანიაში სულ უფრო ნაკლები მიგრანტი ჩადის, თუმცა კვლავინდებურად დიდია თავშესაფრის მისაღები განაცხადების რიცხვი, რომლებიც ამ ქვეყანაში შარშან ჩასულ მიგრანტებს შეაქვთ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მაისის ინფორმაციით, აპრილში განაცხადები შეიტანა თავშესაფრის მიღების მსურველმა 60 943-მა პირმა, რაც წინა წელთან შედარებით 125%-ით მეტია, მაგრამ სულ 1,6%-ით აღემატება წინა თვის, მარტის მაჩვენებლებს. შარშან გერმანიაში ჩავიდა 1,1 მილიონი ადამიანი და ხშირად თვეები გადის, სანამ თავშესაფრის თხოვნის შესახებ ოფიციალური განაცხადი მზადდება. აპრილში თავშესაფარი მიანიჭეს მსურველთა, დაახლოებით, 50%-ს. აპრილში გერმანიაში ჩავიდა 16 ათასი მიგრანტი, წინა თვეზე, მარტზე 4 ათასით ნაკლები. თებერვალში 61 ათასი, ხოლო იანვარში 92 ათასი ახალი მიგრანტი აღირიცხა. გერმანიაში ჩასულთა უმრავლესობა სირიაში, ავღანეთსა და ერაყში ომებს გაქცეული ხალხია.