ავღანეთში 11 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად

ავღანეთში 11 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციის მთავრობამ 10 მაისის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსტრემისტმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა მთავრობის მხარდამჭერი ადგილობრივი ლიდერის, მალიკ დეჰყანის სახლთან. ამავე წყაროს ცნობით, დეჰყანი, რომელიც თალიბანთან დაპირისპირებული მებრძოლების ჯგუფს ხელმძღვანელობს, დაიჭრა კიდევ 22 ადამიანთან ერთად. მთავრობა იარაღს აწვდის და წვრთნის ნანგარჰარის პროვინციის ასობით მკვიდრს ისლამისტ ექსტრემისტებთან დასაპირისპირებლად. დანაღმული ავტომანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.