თურქეთის მმართველი პარტია ახალ პრემიერ-მინისტრს ირჩევს

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია 22 მაისის ყრილობაზე, ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის უახლოეს მოკავშირეს ირჩევს ახალ პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატია კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის მინისტრი ბინალი ილდირიმი. არჩევის შემთხვევაში 60 წლის ილდირიმი შეცვლის ახმეტ დავუთოღლუს, რომელიც პრეზიდენტთან უთანხმოების გამო გადადგა თანამდებობიდან. მომავალმა პრემიერ-მინისტრმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა იმგვარად, რომ გაიზარდოს ქვეყნის პრეზიდენტის ძალაუფლება, რაც ამჟამად მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციით შემოიფარგლება.