პარლამენტი ქორწინებასთან დაკავშირებული სადაოდქცეულ ცვლილებას განიხილავს

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი განიხილება, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერის დაზუსტებას და ახალი ჩანაწერის დამატებას გულისხმობს იმის თაობაზე, რომ ”ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა ერთობლივ თანასწორობას”. დეპუტატებს პარლამენტის 80 წევრის ინიციატივა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა გააცნო. ინიციატივის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში, რომელიც ამჟამინდელი რედაქციით არის ასეთი: - ”ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”. მსგავს ცვლილებას უპირისპირდება „რესპუბლიკური პარტია“. მისმა წევრმა, პარლამენტარმა თამარ კორძაიამ ქორწინების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს ”აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტი“, ხოლო მიმდინარე განხილვას - „უსაქმურობა უწოდა.