ბრიტანელებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გასვლას

დიდი ბრიტანეთის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროპის კავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლას. 23 ივნისს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა რეფერენდუმის მონაწილეთა 51,9%-მა. 382-ივე საარჩევნო ოლქის შედეგებით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას მხარი დაუჭირა 16,8 მილიონმა ამომრჩეველმა, ხოლო დარჩენას - 15,7 მილიონმა. ევროკავშირის დატოვების მოწინააღმდეგეთა უმრავლესობას შეადგენენ ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები ამომრჩევლები. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგმა გამოიწვია ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა. ამერიკულ დოლართან მიმართებით გირვანქა-სტერლინგის ფასი ერთბაშად შემცირდა 5,5%-ით, რაც დიდი ბრიტანეთის ეროვნული ვალუტის მყისიერი ვარდნის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.