საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ბრიტანეთში რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლის მხარდაჭერა ხელს არ შეუშლის ამ ბლოკში ბალკანეთის ქვეყნების მიღების პერსპექტივას. მერკელმა 4 ივლისს პარიზში, ბალკანეთის სამიტის შემდეგ აღნიშნა, რომ ბრიტანელების გადაწყვეტილებას არ მოუხდენია გავლენა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიაზე. მერკელი და ოლანდი პარიზში შეხვდნენ ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ხორვატიის, კოსოვოს, მაკედონიის, ჩერნოგორიის, სერბიისა და სლოვენიის ლიდერებს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ავსტრიისა და იტალიის ლიდერები და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი. ბრიტანეთში რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლის მხარდაჭერის შემდეგ ბალკანეთის სახელმწიფოები, რომლებიც ჯერ არ გაწევრიანებულან ევროკავშირში, შიშობენ, რომ უფრო მეტი დაბრკოლება დახვდებათ ბლოკში შესვლის გზაზე.