მსოფლიოს საფინანსო ბირჟებზე კვლავ დაღმასვლაა „ბრექსიტით“ გამოწვეული შეშფოთების გამო

მსოფლიო საფინანსო ბირჟებზე კვლავ დაღმასვლაა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის, ანუ "ბრექსიტის" პერსპექტივით გამოწვეული ეკონომიკური დესტაბილიზაციის შიშის გამო. 5 და 6 ივლისს საფონდო ბირჟებზე აქციები გაიაფდა, ხოლო ბრიტანული ვალუტა, გირვანქა-სტერლინგი, ბოლო 31 წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა. იაპონიის მთავარი საფონდო ინდექსი "ნიკეი" 6 ივლისის დილას 3%-ით შემცირდა, გუშინ დაღმასვლა, ოღონდ უფრო მსუბუქი დაღმასვლა დაეტყო შეერთებული შტატების და ევროპის საფონდო ინდექსებს. მათი შემცირება 0,7%-დან 1,28%-მდე მერყეობს. ინგლისის ბანკი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკია, აცხადებს, რომ თანდათან ჩნდება „ბრექსიტთან“ დაკავშირებული ეკონომიკური საფრთხეები, რის გამოც ბანკი აპირებს მიმართოს ზომებს კრედიტების გაცემის გასაიოლებლად.