მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან გადავიდა საშუალო და მაღალი შემოსავლების ქვეყნების კატეგორიაში. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციაში საქართველოს პოზიცია უცვლელი იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში. „ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯის და საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განმარტებით, მსოფლიო ბანკის ყოველწლიური კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას.