სომხეთის პოლიციას ჩაბარდა ორი შეიარაღებული პირი

სომხეთის პოლიციის ცნობით 31 ივლისს, სამართალდამცველებს ჩაბარდათ ერევნის ერთ-ერთი პოლიციის ქვეგანყოფილებაში გამაგრებული ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფების, „დამფუძნებელი პარლამენტის“, ორი წევრი. პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ისინი აღიარებენ, რომ შეცდომაში თანამებრძოლებმა შეიყვანეს. სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 17 ივლისის დილას, სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. თავდამსხმელები მოითხოვენ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას.