უკრაინაში დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ ყირიმზე გაკეთებული განცხადებისათვის

უკრაინელი პოლიტოკოსები მკაცრად აკრიტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს განცხადებისათვის, რომელიც მან უკრაინის კუთვნილ ყირიმზე გააკეთა. აშშ-ის ტელევიზიაში 31 ივლისს ნაჩვენებ ინტერვიუში, ტრამპი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, განიხილავს რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის აღიარების საკითხს. „ვაპირებ, განვიხილო ეს საკითხი. იცით, ყირიმელ ხალხს - მე როგორც ვიცი - რუსეთთან ყოფნა ურჩევნია იმას, სადაც მანამდე იყო. და ესეც უნდა გაითვალისწინო”, - განაცხადა ტელეინტერვიუში პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა „სამარცხვინო“ უწოდა ტრამპის სიტყვებს, ხოლო უკრაინის ყოფილი პრემიერის, არსენი იაცენიუკის აზრით, ტრამპის გამონათქვამი არის "გამოწვევა თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისათვის".