პრეზიდენტი მოსამართლეებს და პოლიტიკოსებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდა, მათი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ ერთმანეთთან და პოლიტიკოსებთან საჯარო დისკუსიისგან. „პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მედიაში და ჩართულნი არიან მოსამართლეები და პოლიტიკოსები, აზიანებს ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ინსტიტუტს“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან პოლიტიკოსებსაც მიმართა, „სხვა თემებზე გადართვა მოახერხონ“ და საკონსტიტუციო სასამართლო დაიცვან ფართო დისკუსიებისგან. „იმედი მაქვს, როგორც მოსამართლეები, თავისი მაღალი სტატუსით, ასევე პოლიტიკოსები, გაითვალისწინებენ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად არსებობს რაღაც, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.