საქართველოს კალათბურთელები "ევრობასკეტ 2017"-ში ითამაშებენ

საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. შაბათს, შესარჩევი ასპარეზობის ბოლო შეხვედრაში, ქართველმა სპორტსმენებმა ჩერნოგორიის ქალაქ ტოპოლიცაში დაამარცხეს მასპინძელი ქვეყნის ეროვნული გუნდი (90:84), რომელიც მანამდე წაუგებლად ლიდერობდა F შესარჩევი ჯგუფის სატურნირო ცხრილს. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის 24 უძლიერეს გუნდს შორის მოხვდა. კონტინენტის პირველობის ფინალურ ტურნირს გაისად, სექტემბერში უმასპინძლებს ერთბაშად ოთხი ქვეყანა: ფინეთი, ისრაელი, რუმინეთი და თურქეთი. შეჯიბრების დასკვნითი ეტაპი (ნახევარფინალები და ფინალი) სტამბოლში გაიმართება.