საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს

მმართველმა პარტიამ – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, ხმათა 82 პროცენტის დათვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 49,26%-მა. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ხმების 26,46% მოაგროვა. მესამე შედეგი აქვს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ - 5%. სხვა პარტიებმა და ბლოკებმა საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად აუცილებელი 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. ბარიერის ზღვართან ყველაზე ახლოს არიან „თავისუფალი დემოკრატები“ - 4.58%. წინასწარი მონაცემები ასახავს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარ შედეგებს 3045 უბნის მიხედვით, რაც უბნების საერთო რაოდენობის (3702) 82,55%-ს შეადგენს. შედეგების გამოცხადებისას, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ნაწილში ინტენსიურად მიმდინარეობს ოქმების მონაცემების შეტანა და „ამ ეტაპზე დამუშავებულია 1415 ოქმი, რომლის შედეგებიც უკვე ხელმისაწვდომია ცესკოს ვებსაიტზე.