ეკონომიკის მინისტრი საქართველოს წარმატებების „აღიარებად“ აფასებს მსოფლიო ბანკის ანგარიშს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარებად შეაფასა მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში, „ბიზნესის წარმოება - 2017“. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ბიზნესის წარმოების ახალი რეიტინგის თანახმად, საქართველომ ერთ წელიწადში შვიდი ადგილით გაიუმჯობესა მდგომარეობა და 23-ედან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. ქუმსიშვილის შეფასებით, ეს წარმატება განაპირობა მთავრობის კოორდინირებულმა და ეფექტიანმა მუშაობამ. მსოფლიო ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბიზნესის წარმოების მხრივ, საქართველო მსოფლიოს 190 სახელმწიფოს შორის მე-16 ადგილზეა, ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებს შორის კი - მესამეზე, მაკედონიისა და ლატვიის შემდეგ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, გასული წლის განმავლობაში საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები ელექტროენერგიის მიღების, საკუთრების რეგისტრაციის, ინვესტორთა დაცვის, საერთაშორისო ვაჭრობისა და გადასახადების გადახდის მიმართულებებით.