უკრაინის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ზაფხულში გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჯერ კიდევ წელს, ზაფხულში გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება უკრაინული ტელეარხი Hromadske. მისი წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო მას შემდეგ, რაც პირადად შეხვედრისას სააკაშვილი პოროშენკოს დაპირდა რამდენიმე ვალდებულების შესრულებას, მათ შორის ოდესა-რენის ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულებას და „საერთო ფანჯრის“ პრინციპის ამოქმედებას. ამავე წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა დაპირება არ შეასრულა და პრეზიდენტს დაასწრო, როცა 7 ნოემბერს თანამდებობიდან თავად გადადგა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, პეტრო პოროშენკო სავარაუდოდ, დღეს, 8 ნოემბერს მოაწერს ხელს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გადადგომის შესახებ. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2015 წლის მაისში დანიშნულმა სააკაშვილმა გუშინ, 7 ნოემბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მან მიზეზად დაასახელა პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ კორუფციული კლანების მფარველობა.