ბრიუსელში ევროკავშირ-უკრაინის სამიტი გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აპირებს დაარწმუნოს ევროკავშირის ლიდერები, რათა შეინარჩუნონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და აღარ გადადონ უკრაინელი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტა. ევროკავშირ-უკრაინის 24 ნოემბერის სამიტის ფონია კიევის შეშფოთება იმით, რომ შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, შერბილდება დასავლეთის სიმტკიცე რუსეთის მიმართ. უკრაინის პრეზიდენტს სურს ასევე, რომ დაჩქარდეს უკრაინისათვის სავიზო ლიბერალიზების შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის ყველა შტოს მიერ. თუმცა, პრეზიდენტ პოროშენკომ კონკრეტული პასუხი მხოლოდ ევროპარლამენტის თავმჯდომარის მარტინ შულცისგან მიიღო. „ევროპარლამენტში ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო, რომ დაგვეჩქარებინა ამ გადაწყვეტილების მიღება. ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ ჭიანურდება, ჭიანურდება იქ, ევროკავშირის საბჭოში [იგულისხმება გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების მიერ] და არა ევროპის პარლამენტში. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იპოვიან გამოსავალს“, - განაცხადა მარტინ შულცმა.ევროკავშირ-უკრაინის სამიტის დაწყებამდე ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ის ქვეყნებიც გააცნო, რომლებსაც შენიშვნები აქვთ უკრაინასთან სავიზო ლიბერალიზების შეთანხმებასთან დაკავშირებით. საფრანგეთის გარდა, შულცმა დაასახელა ასევე ბელგია, იტალია, გერმანია და ნიდერლანდი, სადაც აპრილის რეფერენდუმზე ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭრა ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების შესახებ შეთანხმებას.