ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ პარლამენტის სხდომა დატოვეს

ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებმა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომათა დარბაზის დატოვება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ფრაქციის წევრებს მას შემდეგ სთხოვა, რაც ფრაქციის სახელით სიტყვით გამოვიდა. ირმა ინაშვილი გაანაწყენა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებამ, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლებლად მიაჩნია სტრატეგიულ პარტნიორობა ისეთ ძალასთან, რომელიც მხარს არ უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს. ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ ის და მისი ფრაქცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდს ნდობას არ უცხადებს და აქედან გამომდინარე, ისინი კენჭისყრისას დარბაზში არ იქნებიან.