უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება იმის დასადგენად, თუ ვინ შეცვლის ავტორიტარ პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს - რომელიც შუა აზიის ამ ქვეყანას მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მართავდა და რომელიც სამი თვის წინ გარდაიცვალა. ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, არჩევნებში გაიმარჯვებს შავკატ მირზიაევი, რომელიც უწინ პრემიერ-მინისტრი იყო და ახლა პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. 59 წლის მირზიაევი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში დიდწილად გააგრძელებს წინამორბედის კურსს. არჩევნებში კიდევ სამ კანდიდატს უყრიან კენჭს - სახალხო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს, ხათამჯონ კეტმანოვს, ეროვნული აღორძინების პარტიის წარმომადგენელ სარვარ ოტამურატოვს და სამართლიანობის პარტიის წარმომადგენელს, ნარიმან უმაროვს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს დაახლოებით 21 მილიონ მოქალაქეს.