პუტინი: „ჭკვიანი“ ტრამპი პასუხისმგებლობით მიიღებს გადაწყვეტილებებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ, მისი აზრით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ჭკვიანი კაცია“ და მალე გაიაზრებს პასუხისმგებლობის იმ მაღალ ხარისხს, რომელსაც მისი ახალი პოსტი ითვალისწინებს. ენტევესთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 4 დეკემბერს გავიდა ეთერში, პუტინი ამბობს, ბიზნესის სფეროში ტრამპის მიღწევები მოწმობს, რომ ის ჭკვიანი კაციაო. „ხოლო თუ ის ჭკვიანი კაცია, ის სრულად და საკმაოდ მალე გაიაზრებს პასუხისმგებლობის ახალ მასშტაბს“ - განაცხადა პუტინმა და დასძინა -
„ჩვენ ვთვლით, რომ ის ამგვარი პოზიციებიდან იმოქმედებსო“. კრემლმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის მიერ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ განხორციელებულ პირველ სატელეფონო საუბარში პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ საჭიროა აშშ-რუსეთის ურთიერთობის „ნორმალიზება“. პუტინმა 1 დეკემბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა, მოსკოვი მზად არის ითანამშრომლოს ტრამპის ადმინისტრაციასთან მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტი მუშაობას შეუდგება იანვარშიო. ტრამპი კი აცხადებს, რომ ელის რუსეთთან „ძლიერი და მყარი ურთიერთობის“ ქონას.