სირია „სრულ სიცრუეს“ უწოდებს ანგარიშს პატიმრების მასობრივად ჩამოხრჩობის შესახებ

დამასკი „სრულ სიცრუედ“ მიიჩნევს ანგარიშს, რომლის თანახმადაც, სირიის მთავრობამ ოთხი წლის განმავლობაში სამხედრო საპატიმროში ჩამოახრჩო 13 ათასამდე ადამიანი. სირიის იუსტიციის სამინისტრო 8 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „შეცდომაში შემყვანმა და პროვოკაციულმა“ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიში, რათა მსოფლიო ასპარეზზე შელახონ სირიის მთავრობის რეპუტაცია. სამინისტროს განმარტებით, სირიაში სიკვდილით დასჯა სათანადო პროცედურების დაცვით ხდება. „ამნესტი ინტერნეშნლი“ 7 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ 2011-2015 წლებში კვირაში 20-50 ადამიანს - მათ შორის ოპოზიციის მომხრე სამოქალაქო პირებს - სიკვდილით სჯიდნენ დამასკის მახლობლად მდებარე საპატიმროში. "ამნესტის" ინფორმაციით, სამხედრო ტრიბუნალის სხდომა, რომელიც წინ უძღოდა ადამიანების ჩამოხრჩობას, რამდენიმე წუთი გრძელდებოდა და ასეთი რამ შესაძლოა ახლაც ხდებოდეს. ეს ქმედება, „ამნესტის“ შეფასებით, სამხედრო დანაშაულია.