ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის (აშშ) საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში 24 წლის თბილისელმა სპორტსმენმა დაძაბულ ბრძოლაში სძლია ავსტრალიელ მეთიუ ებდენს – 7:6, 6:4. შაბათს, ნახევარფინალურ მატჩში, ბასილაშვილის მეტოქე იქნება ყაზახეთის წარმომადგენელი მიხაილ კუკუშკინი. აღსანიშნავია, რომ მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა დაამარცხა მემფისის ტურნირის პირველ ნომრად განთესილი მონაწილე, ხორვატი ივო კარლოვიჩი – 7:6, 6:3. საინტერესოა ისიც, რომ ერთი კვირის წინ, სოფიის (ბულგარეთი) საერთაშორისო ტურნირში ბასილაშვილმა ასევე ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც შეხვედრა დათმო მსოფლიოს მე-13 ჩოგანთან, მასპინძელ გრიგორ დიმიტროვთან. ბასილაშვილს ATP-ის რეიტინგში ამჟამად 67-ე ადგილი უკავია.