აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ტრამპი წლის ბოლომდე მოელის „რეალურ პროგრესს“ ნატოს დაფინანსების მხრივ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოელი მოკავშირეებისაგან მოელის „რეალურ პროგრესს“ თავდაცვის დაფინანსების გაზრდის მხრივ, რათა გაიღონ ხარჯები, რომლებსაც ალიანსში შესაბამისი შეთანხმება ითვალისწინებს. პენსმა ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ, ამერიკა - ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, მაგრამ ევროპის დასაცავად ისევეა საჭირო ევროპის მტკიცე ნება, როგორც ჩვენი. 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე ნატოს 28-ვე წევრმა გამოხატა სურვილი, მიეღო ზომები უსაფრთხოების დასაფინანსებლად ხარჯების 10 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის სულ ცოტა 2%-მდე გასაზრდელად. ჯერ კიდევ როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მეტისმეტად დიდი ხანია (...) ამ ტვირთს სამართლიანად არ ინაწილებენ ჩვენი ნატოელი მოკავშირეები და ამას ბოლო უნდა მოეღოს“, განაცხადა მაიკ პენსმა. ამასთან, მან დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის "მტკიცე მხარდაჭერა" ნატოსა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ. წარსულში ტრამპს გაკრიტიკებული ჰყავს ნატო, როგორც მოძველებული ალიანსი, რომლის წევრებიც არ იხდიან შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხმებს. ბრიუსელში ვიზიტისას, მაიკ პენსი 20 თებერვალს შეხვდა ევროკავშირის ლიდერებსაც, მათ შორის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს. ტუსკის თქმით, ევროკავშირი ვაშინგტონისაგან მოელის, როგორც აქამდე,„ერთიანი ევროპის იდეის“ მხარდაჭერას.