საქართველოს პრეზიდენტი ეწვია ბელორუსიას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბელორუსიას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსის“ სააგენტო იუწყება, რომ დღესვე გაიმართება მარგველაშვილის შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ შეხვდებიან, ხოლო შემდეგ - გაფართოებული შემადგენლობით. შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილი და ლუკაშენკო ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ბელორუსიაში მარგველაშვილის ვიზიტი ხვალ დასრულდება.