ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საქმის განხილვა

ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, 6 მარტს დაიწყო პირველი სასამართლო სხდომა საქმეზე „უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. ორშაბათს სასამართლო მოისმენს უკრაინის მხარის პოზიციებს. ჰააგის სასამართლოში უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელენა ზერკალი, რომელიც იმედოვნებს, რომ საერთაშორისო სასამართლო მიიღებს დროებით ზომებს რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინა, რომელიც რუსეთს გაეროს რეზოლუციის დარღვევაში ადანაშაულებს, კერძოდ ითხოვს, რომ სასამართლომ აუკრძალოს რუსეთს პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტებისათვის შემდგომი სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევა.